ირანელი ბიზნესმენის თანხის მისაკუთრების საქმეზე შესაძლოა ბრალდებულ პირთა წრე გაფართოვდეს. "პოსტკრიპტუმის" მიერ გაშიფრული საქმის მასალებით ირკვევა, რომ სხვისი ანგარიშიდან თანხების მითვისების სქემაში უკვე დაკავებულების გარდა, სხვა ათობით ფიგურანტია. პროკურორმა ამ საქმეზე დღეს პირველი კომენტარი გააკეთა.
ერთ-ერთი მათგანია ნოტარიუსი, რომელმაც, საქმის მასალების მიხედვით, ყალბი მინდობილობები დაამზადა და ერთ-ერთ ბრალდებულს სხვისი საბანკო ანგარიშების მართვის უფლება მიანიჭა.
ბრალდებული, ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსი გამომძიებელი ლაშა მელიქია დაკავებულებს შორის ერთადერთია, ვინც ბრალს არ აღიარებს. "კურიერმა" გაარკვია, რომ დანარჩენი 4 ბრალდებული აღიარების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმებას ელოდება. მელიქიას ადვოკატი სწორედ ამას უკავშირებს დანარჩენების შეცვლილ ჩვენებებს, რომლებიც, აღიარებასთან ერთად, დანაშაულში ლაშა მელიქიასაც ამხელენ.
მოქმედი პოლიციელი სასამართლო დარბაზში დღეს განცალკევებით დასვეს. ადვოკატი მძიმე დაავადებების მოტივით, მისი პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულის სკამზე მსხდომებმა საქართველოდან 2 წლის წინ წასული ირანელი ბიზნესმენის საბანკო ანგარიშებზე წვდომა მოახერხეს და თანხის ნაწილი მიითვისეს. 2 მილიონამდე დოლარის მისაკუთრებას კი გაყალბებული დოკუმენტებით ცდილობდნენ, თუმცა საეჭვო ქმედებების შესახებ "თიბისი ბანკმა" შინაგან საქმეთა სამინისტოს მიმართა და 5 პირი დააკავეს. მთავარ საქმეზე ძიება გრძელდება.
ავტორი: ხათუნა გაგნიძე