დღეს ოზურგეთის სასამართლო იმ 13 დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს, რომლებსაც ურეკში პოლიციელებზე თავდასხმა ედებათ ბრალად.
პროკურატურამ ცამეტივე დაკავებულს ბრალი დაუმძიმა და მათ უკვე 353 - პრიმა მუხლის მე-2 ნაწილს ედავება, რაც სამართალდამცველების ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს და 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც ადვოკატები აცხადებენ, მათი დაცვის ქვეშ მყოფები წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან.
დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით არცერთ პოლიციელს დაზიანების რამე კვალი არ აქვს.
რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, ბრალდების მხარე ითხოვს პატიმრობას, "ჩვენ გვექნება ალტერნატიული შუამდგომლობა," - აცხადებს ადვოკატი მამუკა ზოიძე.
შეგახსენებთ, რომ პოლიციელებზე თავდასხმა ორი დღის წინ ურეკში მოხდა. ბრალდების მიხედვით, 13 პირი პოლიციის შენობას დაესხა თავს და პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური დაზიანება მიაყენა. მოტივად ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის გათავისუფლება იყო.