"გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 20/30" - სოფლის მეურნეობის მინისტრმა პროგრამის პრეზენტაცია წარადგინა.
ლევან დავითაშვილმა იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რაც მომდევნო წლებშია დაგეგმილი. პროგრამის პრეზენტაციას, პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრო.
"ჩვენი ამბიციური გეგმის მიხედვით, მომდევნო წლების განმავლობაში მთავრობის და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიციის საერთო მოცულობა შეადგენს 7 მილიარდ ლარს. შედეგად, ჩვენი გათვლებით, პროგრესი იქნება უფრო მეტად ინკლუზიური, ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რაც შეიძლება მეტი მოქალაქის დასაქმება, ჩვენი მოქალაქეების მეტი ჩართულობა სოფლის მეურნეობაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვგულისხმობთ რეგიონების განვითარებას, გაძლიერებას. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ერთ- ერთი მთავარი ამოცანა და ამოსავალი წერტილი არის ის, რომ მეტად თვით უზრუნველყოფილი გახდეს ჩვენი ქვეყანა.
მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი იმპორტირებული პროდუქტი შემოგვაქვს. ჩვენ არ ვართ, რა თქმა უნდა, იმპორტის წინააღმდეგი, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია მეტის წარმოება ქვეყანაში და სწორედ ამ მიზნით ჩვენ წარმოგიდგენთ იმ პროგრამებს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების მეტ ჩართულობას, მეტ ინკლუზიურობას. მე მინდა ლევან დავითაშვილს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ის არის ძალიან კვალიფიციური, მაღალი პროფესიონალის მენეჯერი და მინდა მას და მის გუნდს წარმატება ვუსურვო," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
"ჩვენი ამოცანაა, გრძელვადიანი განვითარების ხედვის ჩამოყალიბება. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, ჩვენი სექტორის განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის. ჩვენ უნდა შევძლოთ მეტი რესურსის მობილიზება შემდგომი 9-10 წლის განმავლობაში, რათა ზრდის ის ტემპი, რომელიც დღემდე გვაქვს, გავზარდოთ და ამბიციურ გეგმებს, რომლებიც გვაქვს, მივაღწიოთ თქვენი ჩართულობით. აქ ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა და მინდა მათ მადლობა გადავუხადო," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.