დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - რეგისტრაციისათვის საგამოცდო ცენტრებში აპლიკანტები დილის 8 საათიდან გამოცხადდნენ.
პირველი - ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდა ამ წუთებში მიმდინარეობს. ამ დრომდე რაიმე ხარვეზი ან გადაცდომა არ დაფიქსირებულა. ნაწილმა მათგანმა საგამოცდო სივრცეები უკვე დატოვა.
პანდემიის გამო ცენტრებში უსაფრთხოების საგანგებო ზომებია დაცული. შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 20 აბიტურიენტს კორონავირუსი აღმოაჩნდა, ისინი გამოცდებს გამოჯანმრთელების შემდეგ დამატებით სესიებზე ჩააბარებენ.
"გამოცდებზე ზედმიწევნით არის დაცული ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და სამედიცინო პროტოკოლი. მინდა აღვნიშნო, რომ იმ შემთხვევაში თუ აბიტურიენტს კოვიდი დაუდასტურდება, ეს აბიტურიენტი გამოცდებს არ გამოეთიშება და ასეთი აბიტურიენტებისთვის საგამოცდო სესია სპეციალურად ცალკე ჩატარდება," - განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.