ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან ხმაურია - აქციას სოფელ ჯიხანჯურის მაცხოვრებლები მართავენ. როგორც მოქალაქეები განმარტავენ, ისინი 1995 წლიდან იყენებენ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისათვის ჯიხანჯურში ყოფილი საბჭოთა მეურნეობის ტერიტორიას, იქვე აქვთ საცხოვრებელი სახლები.
მიუხედავად მრავალწლიანი მცდელობისა და ხელისუფლების მხრიდან არაერთი დაპირებისა, მათ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებს საკუთრებაში არ ურეგისტრირებენ, რის გამოც წლებია ვერ ახერხებენ ნაკვეთებში ელექტროენერგიის ოფიციალურად შეყვანას და მხოლოდ კეთილი მეზობლების დახმარებით პერიოდულად ახერხებენ სახლებში შუქი იქონიონ.
აქციის მონაწილეთა ნაწილი ქობულეთის მერის მოადგილესთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, თუმცა ამ დროისათვის რაიმე კონკრეტული შეთანხმება არ შემდგარა.
პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში ჯიხანჯურის მკვიდრები პერმანენტული აქციების გამართვას აანონსებენ. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამაცავი ორგანოების თანამშრომლები.