20 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებულ პირს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე გ.ჩ-ს ბრალდება წარუდგინა. 

როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ჩ-მ ექსპლუატაციის მიზნით გადაიბირა ერთი პირი, რომელსაც 2021 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, სისტემატურად უწევდა შრომით ექსპლუატაციას. ბრალდებული დაზარალებულს დამცირებით, აბუჩად აგდებით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით, ასევე, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით აიძულებდა თბილისის ქუჩებში ყოველდღიურად ემათხოვრა. შეგროვებულ თანხებს გ.ჩ. თავად ისაკუთრებდა და პირადი შეხედულებისამებრ განკარგავდა.  

გ.ჩ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით წარედგინა (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) - მუქარით, ძალადობითა და იძულების სხვა ფორმით ადამიანის გადაბირება ექსპლუატაციის მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით), რაც სასჯელის სახით 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ჩ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება.

დღის ამბები