თბილისში გუშინ განვითარებული მოვლენები ევროპარლამენტის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.
"როდესაც ძალადობრივი ჯგუფი სცემს ჟურნალისტებსა და LGBT+ ადამიანებს და მთავრობა ამას უყურებს, ეს კანონის უზენაესობის ჩამოშლის სახიფათო ნიშანია," - ნათქვამია ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაში.
ევროდეპუტატის თქმით, "ქართული ოცნების" ლიდერები სათანადოდ არ გმობენ დამნაშავეებს და ძალადობას ახალისებენ.
სამარცხვინოს უწოდებს თბილისში მომხდარ მოვლენებს ევროპარლამენტარი ტეის როიტენი. ნიდერლანდელი ევროდეპუტატი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებით უკიდურესად იმედგაცრუებულია.
"ყველას დაცვის ნაცვლად, როგორც ჩანს, მთავრობის განცხადებებმა წაახალისა ლგბტქ-ის წინააღმდეგ საშინელი ძალადობა და საფრთხეში ჩააგდო "თბილისი პრაიდის" მშვიდობიანი აქტივისტების სიცოცხლე," - ნათქვამია განცხადებაში.
ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებით კი, "საქართველოს მმართველმა პარტიამ უნდა გაიგოს, რომ შესაძლო ევროპული პერსპექტივა ღირსებას, პატივისცემასა და ცვლილებას ეფუძნება. "მოდი, შევუნაჩრუნოთ სიცოცხლე ევროპულ ოცნებას ყველა ქართველისთვის," - წერს აუსტრევიჩუსი.
ნიდერლანდების პარლამენტის წევრი და ყოფილი ვეროპარლამენტარი კატი პირი კი აცხადებს, რომ "თბილისი პრაიდის" გაუქმება იმ კონსერვატიული ძალების გამარჯვებაა, რომლებიც მზად არიან, ადამიანები ძალადობით დააშინონ.
"ესაა დანაკარგი საქართველოს მთავრობისთვის, რომელმაც ვერ შეძლო, "პრაიდის" დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა," - წერს პოლიტიკოსი.