"თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე მოძალადე ჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავებული მედიის წარმომადგენლების გამოკითხვა ისევ გრძელდება.
ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის დეტალები სამართალდამცავებს ამჯერად "ფორმულას" ჟურნალისტმა მიაწოდა. რატი წვერავამ გამოძიებას მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალაც გადასცა.
ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს, თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე ფიზიკურად სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელს გაუსწორდნენ.
"არაფრის იმედი არ მაქვს. 72 საათზე მეტი გავიდა ჩემზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შემდეგ. უფრო და უფრო იზრდება აგრესია ჩემ მიმართ, თუკი ვინმე პასუხისგებაში არ იქნება მიცემული, უფრო გაიზრდება ეს აგრესია. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ საგამოძიეობო უწყებას ეს კადრები არ ჰქონდა. მე თვითონ, მობილური ტელეფონით გადავიგზავნე ჩემზე ძალადობის ფოტო-ვიდეო მასალა. პირდაპირი მტკიცებულება, როდესაც მივდივარ მეუფე გამრეკელთან, აქედან იწყება ძალადობის დაწყება, მაგრამ კონკრეტულ მომენტზე, დღეს არ ყოფილა მსჯელობა,"- განმარტავს ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტი რატი წვერავა.