"გადადგეს მკვლელი მთავრობა" - ამ მოთხოვნით საქართველოს პარლამენტთან "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დღეს 18:00 საათზე აქცია გაიმართება.
საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ.
პარალელურად, 21:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მედიის წარმომადგენლები შეიკრიბებიან. სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები, ოპერატორები და სხვა წარმომადგენლები კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ 5 ივლისს მომხდარ ფაქტებს.
სოლიდარობის აქციას უერთდებიან სხვადასხვა რეგიონში მყოფი ჟურნალისტები და ოპერატორები.
"ტვ პირველის" ჟურნალისტი ინგა გრიგოლიას განცხადებით, სპეცოპერაცია მედიის წინააღდეგ ლექსო ლაშქარავას ტრაგედიით დასრულდა და ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
"ლექსოს ტრაგედიით დასრულდა სპეცოპერაცია მედიის წინააღმდეგ, ამიტომ, ვთვლი, რომ ჭირისუფლები ხართ ახლა ყველა თქვენც ყველანი. პასუხისმგებლები, აი იმ ნაძირლებთან ერთად რელიგიის სახელით ჩვენ რომ მუშტებს გვირტყამენ, ცეცხლითა და მახვილით რომ ჟურნალისტებს უპირისპირდებიან, რელიგიისა და რაღაცა მორალის სახელით, მათთან ერთად, პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას," - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.
"ტვ პირველის" ჟურნალისტი ნათია ტრაპაიძე ამბობს, რომ 5 ივლისს ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მედიის წარმომადგენლებს არ დაიცავს.
"5 ივლისს ხელისუფლებამ ჩვენ გვაჩვენა, რომ არ დაგვიცავს. ჩვენ თუ გვქვია, რომ ვართ მეოთხე ხელისუფლება, უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენც გვაქვს ძალა და უნდა დავანახოთ იმიტომ, რომ მგონია, რომ ამის გატარება უკვე აღარ შეიძლება. ისევ ჩვენ გვემუქრებიან და ისევ ჩვენ გვთხოვენ, რომ რაღაცნაირად მოწიწებით ვიყოთ ამ მოძალადეების მიმართ. ყველა მოძალადე უნდა დაისაჯოს," - განაცხადა ნათია ტრაპაიძემ.
როგორც ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის კავკასიური სკოლის დეკანი ნინო ივანიშვილი აცხადებს, ნებისმიერ ომშიც კი უფრთხილდებიან მედიის წარმომადგენლებს. მისივე თქმით, მედიის ნებისმიერი წარმომადგენლის მოვალეობაა აქციაზე მივიდეს და სოლიდარობა გამოხატოს.
"არა ერთი ომი მაქვს მე პირადად გამოვლილი და იქაც კი გვიფრთხილდებოდნენ და ეშინოდათ ჟურნალისტს რამე არ დამართნოდა. რას გავს ეს საქციელი? მაინც და მაინც უნდა მომკვდარიყო ეს ბიჭი თავისი საქმიანობის შესრულების პროცესში, რომ ასეთი რეაქცია მიეცა საზოგადოებას? მე ვთვლი, რომ ეს ჩვენი მოვალეობაა - აქციაზე მისვლა, სოლიდარობის გამოცხადება," - აცხადებს ნინო ივანიშვილი.
"ტელეკომპანია პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი დღეს დილით დედამ იპოვა. გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს რადიკალური ჯგუფების მიერ "სირცხვილიას" ოფისის დარბევისას ძალადობის მსხვერპლი გახდა. ის კლინიკიდან 8 ივლისს გაწერეს.