შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა წინასწარი ვერსიების გახმოვანებისგან უწყება, ჯერჯერობით, თავს იკავებს.
შსს-ს "ტვ პირველის" ოპერატორის სკუტერით გადაადგილების კადრებს ასაჯაროებს.
"ვსწავლობთ მისი გადაადგილების მარშრუტს, მარშრუტის ამსახველ კადრებს, ასევე, ვახდენთ მასთან კავშირში მყოფი პირების იდენტიფიცირებას და მათ გამოკითხვას.
აქვე, გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე, ვთხოვთ გარდაცვლილის ოჯახს და მეგობრებს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და საგამოძიებო ორგანოს მიაწოდონ გარდაცვლილის კუთვნილი მობილური ტელეფონი, ვინაიდან მასში, შესაძლებელია, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახებოდეს.
საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვასაჯაროებთ გარდაცვლილის გადაადგილების კადრებს, რაც ამ დროისთვის არის მოპოვებული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში.
ალექსანდრე ლაშქარავა, მოპედის საშუალებით, გუშინ, დღის განმავლობაში მის მეგობართან ერთად, რომელიც ამ ეტაპზე იმყოფება საგამოძიებო ორგანოში, გადაადგილდებოდა თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ ეტაპზე, თავს იკავებს წინასწარი ვერსიების გახმოვანებისგან, რაც ისევ და ისევ ოჯახისა და გარდაცვლილის ინტერესებიდან გამომდინარეობს.
კატეგორიულად მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ნაადრევი დასკვნებიდან და დაელოდონ გამოძიებას.
აქვე აღვნიშნავთ, რომ 5 ივლისს ალექსანდრე ლაშქარავას პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 4 პირი, რომლებსაც უკვე შეფარდებული აქვთ წინასწარი პატიმრობა," - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ.