სხვისი დავალებით, საკუთარი ქვეყნის დაზიანება, რუსოფობიის გაღვივება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა - ეს, მმართველი გუნდის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის მთავარი მიზანია. ბოლო 1 თვეა, მას შემდეგ, რაც საქართველოში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში გადავიდა და სააკაშვილის გუნდიც ე.წ. უკონტროლო მიგრაციაზე ალაპარაკდა. ოპონენტების მხრიდან, ბრალდებები მტკიცებულებების გარეშე მმართველ გუნდს უკვე აღარ უკვირს, არც ის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" რუსოფობიული კამპანია არა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, არამედ 2022 წლიდან, უკრაინაში საომარი მოქმედებების შემდეგ დაიწყო.
ე.წ უკონტროლო მიგრაციაზე სასაუბროდ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ჯერ ყაზბეგში, ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ჩავიდნენ, შემდეგ კი, მეტი ეფექტისთვის, მორიგი ბრიფინგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან გამართეს. იმის მიუხედავად, რომ, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობას ქვეყნიდან გასულების რიცხვს აჭარბებს, სააკაშვილის გუნდი მაინც საპირისპიროს ამტკიცებს.
სააკაშვილის გუნდის წუხილი, "ქართული ოცნებისთვის", პოლიტიკური ფარისევლობა და უტიფრობაა. განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როცა ამ პარტიის ერთპიროვნული ლიდერი 2008 წლის ომის შემდეგ რუს ტურისტებს ლარსზე პირადად ხვდებოდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, "ნაციონალების" შემდეგი გაჩერება ის სტრატეგიული ობიექტები უნდა იყოს, რომელიც ომის შემდეგ რუსულ კომპანიებზე გაასხვისეს.
იმ რეალობის დანახვა, რომელიც ოფიციალური სტატისტიკით დასტურდება სააკაშვილის გუნდში არ სურთ. სწორედ ამიტომ, პოლიტიკური წარსულის გახსენების შემდეგ, თავდაცვის რეჟიმში გადასულმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დღეს თავი მართლება მაინც სცადეს.
ოპოზიცია წარსულშიც და დღესაც ქვეყნის გარეთ დაწერილი სცენარით ხელმძღვანელობს - ეს "ქართული ოცნებისთვის" უკვე ფაქტია. სახელისუფლებო პარტიის წევრების თქმით, შეცვლილია მხოლოდ დავალების შინაარსი და არა მისი გამცემი. თუ ადრე სააკაშვილსა და მისი გუნდის წევრებს უცხოეთიდან რუს ტურისტებთან სტუმართმოყვარეობის გამოვლენას ავალებდნენ, დღეს, "ქართული ოცნების" თქმით, მთავარი მითითება რუსოფობიის გაღვივებაა.
ოფიციალური მონაცემების უარყოფით და უაპელაციო ბრალდებებით "ნაციონალური მოძრაობა" ბოლო 2 კვირაში უკვე მეორედ საუბრობს ე.წ. უკონტროლო მიგრაციაზე. სტატისტიკით ნაკადების უკონტროლო შემოდინება არა, თუმცა დასტურდება ის, რომ საქართველო მსოფლიო რუკაზე ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყნად რჩება.
ავტორი: ნანა გოგატაძე