02 სექტემბერი 2026,   19:44
ვრცლად
ახალი ინიციატივები, ახალი კანონები, სახელმწიფო ბიუჯეტი, საგარეო და საშინაო პოლიტიკის მთავარი თემები, მორიგი მწვავე დებატები - საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა

მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი საშემოდგომო სესიის ფარგლებში მუშაობას რეგისტრაციის გავლისა და სხდომის გახსნისთვის საჭირო კვორუმის მიღების შემდეგ შეუდგა. დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში დღის 12:00 საათზე შეიკრიბნენ.

პრიორიტეტები განსაზღვრულია - ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე და სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებზე მუშაობა დეპუტატებმა საგაზაფხულო სესიამდე უნდა დაასრულონ.

საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება, სასესიო კვირის პირველი სამუშაო დღე კი პოლიტიკური განცხადებებით იწყება. გამონაკლისი არც დღევანდელი დღე ყოფილა. პოლიტიკური გამოსვლები საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გახსნა. ირაკლი კირცხალიამ ყურადღება სახელმწიფო ინტერესებზე გაამახვილა - ოკუპირებული ტერიტორიების და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე ოპოზიციის ბოლოდროინდელი განცხადებები გააკრიტიკა და თქვა, რომ ეროვნული საკითხები არასდროს გახდება პოლიტიკური ანგარიშსწორების, ამბიციებისა და გარე ინტერესების მომსახურების სივრცე. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, პოლიტიკური ოპონენტების უპასუხისმგებლო პოზიციებმა მორიგ ჯერზე დაადასტურა, თუ რა საფრთხის შექმნა შეუძლია სახელმწიფოსთვის უპასუხისმგებლო განცხადებებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გამოსვლის შემდეგ, პოლიტიკური ტრიბუნით ოპოზიციამაც ისარგებლა. გიორგი გახარიას გუნდის წევრმა აქცენტი აგვისტოს ომთან დაკავშირებულ განცხადებებზე გააკეთა და თქვა, რომ ცალკეული პოლიტიკოსების პოზიცია საზოგადოებაში პოლარიზაციას აღრმავებს. გიგა ფარულავას გამოსვლას მალავე მოჰყვა პასუხი. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ 2008, შემდეგი წლების მოვლენები და მაშინდელი ხელისუფლების სახელმწიფოს საზიანოდ მიღებული გადაწყვეტილებები გაიხსენა.

ქვეყნის დეოკუპაცია მმართველ პარტიას სამშვიდობო პოლიტიკის გზით წარმოუდგენია. სახელისუფლებო ძალაში აცხადებენ, რომ აგრესორისთვის საბაბის მიცემაა უგუნური პოლიტიკა და სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედება.

საპარლამენტო უმრავლესობაში თვლიან, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ აფხაზებთან და ოსებთან ნდობის აღდგენას ხელი არავინ უნდა შეუშალოს და ამ პოლიტიკის მოწინააღმდეგეების ლუსტრაცია მნიშვნელოვანია.

დღის ამბები