ისლანდიის მოსახლეობამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებას უარი უთხრა. 52.8% 47.2%-ის წინააღმდეგ - ასეთია რეფერენდუმის შედეგი, რომელიც ქვეყანაში 29 აგვისტოს გაიმართა. მთავრობის მეთაურის თქმით, ოფიციალური რეიკიავიკი ევროინტეგრაციის პროცესს მომდევნო არჩევნებამდე აღარ დაუბრუნდება და მოქალაქეების გადაწყვეტილებას პატივს სცემს.
ისლანდიის გადაწყვეტილებას და საერთაშორისო საზოგადოების რეაქციას დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან გამოეხმაურა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. ლევან მახაშვილმა საზოგადოებას, კიდევ ერთხელ შეახსენა, როგორი რეაქცია ჰქონდა ევროგაერთიანების მმართველ ელიტას საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე 2028 წლამდე მოლაპარაკების გახსნაზე მოთხოვნა არ გაეკეთებინათ. ამ ფონზე კი ისლანდიის არჩევანის მდუმარედ მიღება, პოლიტიკოსის აზრით, ბიუროკრატიაში არსებულ მანკიერ სუბიექტურ პრაქტიკაზე მიუთითებს.
ის, რაც საქართველოს ხელისუფლებისგან მიუღებელია, მისაღები და დემოკრატიის მაღალი სტანდარტია ისლანდიისთვის - ასეთია ქართული ოპოზიციის შეფასება რეიკიავიკის გადაწყვეტილებაზე.
ოპოზიციას და ევროპელ ბიუროკრატებს საერთო ლობისტური ქოლგის ქვეშ ხედავს მმართველი გუნდი. უკონტროლო საიმიგრაციო პოლიტიკა, ეკონომიკის არასწორი მართვა და ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით მიღებული გადაწყვეტილებები - საპარლამენტო უმრავლესობის აზრით, ეს ფუნდამენტური საკითხები ევროსკეპტიციზმის მთავარი წინაპირობაა. ნეგატიური გადაწყვეტილებების მიღმა კი ევროგაერთიანების მესვეურთა დიდი ნაწილი დგას, რაც კავშირის სადამფუძნებლო ღირებულებებთანაც წინააღმდეგობაში მოდის.
ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები ისლანდიამ 2013 წელს შეაჩერა. 13 წლის შემდეგ პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით რეფერენდუმი პირველად ჩატარდა, თუმცა მოსახლეობის უმრავლესობამ გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.