20 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
მედიას შეუტიეს, ეცადნენ მედიის დასჯას, თუმცა ეს არავის გაუვა, მედია ამას არავის აპატიებს - დავით კაკულია

ამ წუთებში ჩვენი კოლეგის, "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გამოსვენება იწყება. სამოქალაქო პანაშვიდი მის სახლში, იოსელიანის 37 ნომერში მიმდინარეობდა. ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, ისინი ლექსოს უკანასკნელ გზაზე მსვლელობით გააცილებენ.

ტელეოპერატორებმა კი ლექსოს სახლთან საპატიო დერეფანი გააკეთეს და სიმბოლურად კამერები დაუშვეს.

"რუსთავი 2-ის" ჟურნალისტმა დავით კაკულიამ განაცხადა, რომ ლექსო დაუცველობამ მოკლა. მან ქართული მედიის მთავარი მოთხოვნა კიდევ ერთხელ წამოაყენა, რაც ყველა მოძალადისა და ძალადობის ხელმშემწყობის დასჯაში მდგომარეობს.

"ლექსო მოკლა დაუცველობამ. ლექსო მოკლა იმან, რომ ჩინოვნიკებმა, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ადამიანების ფუნდამენტური უფლება, განახორციელონ უსაფრთხო გარემოში საკუთარი საქმიანობა. მედიას შეუტიეს, ეცადნენ მედიის დასჯას, თუმცა ეს არავის გაუვა, მედია ამას არავის აპატიებს.

ჩვენ, ქართულ მედიას აქვს ერთი მთავარი მოთხოვნა: ყველა მოძალადე, ძალადობის ხელშემწყობი, ვინც ამას ხელი არ შეუშალა, ყველა უნდა დაისაჯოს," - აცხადებს დავით კაკულია.

"ტვ პირველის" ჟურნალისტის ინგა გრიგოლიას განცხადებით, ხელისუფლებამ უკადრებელი იკადრა და მიცვალებულს ყველანაირი შეურაცხყოფა მიაყენა.

"იკადრეს უკადრებელი. მიცვალებულს მიაყენეს ყველანაირი შეურაცხყოფა, რაც კი შეეძლოთ, რომ მიეყენებინათ. სიმართლით დავუპირისპირდებით სიცრუეს. ყველა მიიღებს საკადრის პასუხს და ყველა ნახავს რა ძალა აქვს გაბრაზებულ მედიას. დღეს მთელი დღე არის ლექსოსი, იმიტომ, რომ დღეს არის მისი ბოლო დღე ამ ქვეყანაზე," - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

დღის ამბები