"დაისაჯონ დამნაშავეები" - ჟურნალისტებმა ქუთაისში მდუმარე აქცია გამართეს. მათი თქმით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები არის მოძალადეების მხრიდან თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მცდელობა.
ამ ფორმით მათ გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს სამძიმარი იმერეთიდან გამოუცხადეს. მედიასაშუალებების წარმომადგენლები სიმბოლურად მერიასთან შეიკრიბნენ და 5 ივლისს განვითარებულ მოვლენები დაგმეს.
ჟურნალისტების თქმით, მომხდარში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ისინი დამნაშავეების კანონის სრული სიმკაცრით დასჯას მოითხოვენ.
"ტელეკომპანია რიონი უერთდება სხვა რეგიონულ მაუწყებლებს და დღეს 3 საათზე, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, წყვეტს მაუწყებლობას. ეს იქნება ჩვენი პროტესტი და ეს იქნება ჩვენი აქცია ლექსოსთვის. 10 წუთის განმავლობაში ეთერში არაფერი გავა, იქნება მხოლოდ წარწერა და ამით გამოვხატავთ სოლიდარობას ყველა იმ მედიასაშუალების მიმართ, რომელიც 5-6 ივლისის მოვლენების დროს დაზარალდა თბილისში," - განმარტავს ჟურნალისტი სალომე ჩუბინიძე.
დღეს ადგილობრივმა მაუწყებლებმა გარდაცვლილის ხსოვნის პატივსაცემად და სოლიდარობის მიზნით, რამდენიმე წუთით მაუწყებლობა შეაჩერეს.