გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს პირველად ღია პროცესი გაიმართა. აქამდე მსჯავრდებულების ნაწილი არასრულწლოვანი იყო.
დღეს დაცვის მხარემ 2 შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატებმა პროკურორების აცილება მოითხოვეს, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. კიდევ ერთი შუამდგომლობა, მოსამართლეების არაგვის ხეობაში წასვლას და შემთხვევის ადგილის დათვალიერებას უკავშირდებოდა, რაც მოსამართლემ ასევე არ დააკმაყოფილა.
ადვოკატებმა მოსამართლე ბიძინა სტურუას განჩინებას უნდობლობა გამოუცხადეს.
"რომელ მტკიცებულებაზე დაყრდნობით ამბობთ, რომ ჩავიდინეთ დანაშაული, უბრალოდ ამბობთ, რომ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაული. მტკიცებულება არ აქვთ და კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ პროკურორმა დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია," - მიმართა სასამართლოს მსჯავრდებულმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა.
ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატმა კი სასამართლო ბრალდების მხარის სასარგებლოდ მიკერძოებაში დაადანაშაულა.
"ჩვენ შუამდგომლობები იყო საფუძვლიანი და სამართლიანი, თუმცა სასამართლომ ბრალდების მხარის სასარგებლოდ მიკერძოების გამო, არ დააკმაყოფილა წარმოდგენილი შუამდგომლობები,"- აღნიშნა ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატმა შოთა კახიძემ.
დაცვის მხარის ადვოკატების ბრალდებაზე კი პროკურატურამ განაცხადა, რომ მათი არგუმენტები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
"გარდა იმისა, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობები დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო, ამასთანავე, დაცვის მხარეს სურს, რომ მოსამართლეების და პროკურორების გარეშე ჩაატაროს პროცესი. ფაქტობრივად ძალიან უსუსურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და სასამართლოშიც აცხადებენ, რომ განაჩენი არ შეიცვლება და სხვა რწმენა არ აქვთ. რა თქმა უნდა ამაში ჩვენ ვეთანხმებით, ამ საქმეზე არ არსებობს განაჩენის შეცვლის საფუძველი,"- აცხადებს პროკურორი დავით ყაზარაშვილი.