მთავრობა სასოფლო სამეურნეო მექანიზაციის პროექტს იწყებს - თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველებს განაცხადის სამინისტროში შეტანა სექტემბრიდან შეეძლებათ.
როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მოსახლეობას, რომელსაც ფინანსური რესურსები არ ჰყოფნის სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის შესაძენად, ეს პროგრამა მნიშვნელოვან შეღავათს მისცემს.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მიწის რესურსის სრულად ათვისების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ კუთხით მინისტრი ლევან დავითაშვილი აქტიურად მუშაობს.
"ლევან დავითაშვილი აქტიურად მუშაობს და უკვე მომზადებული აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები, რომლებიც დაიწყება სექტემბრიდან და განსაკუთრებით 2022 წლიდან, სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით. ჩვენ მიწის რესურსი სრულად უნდა ავითვისოთ. ამ მიმართულებით, ბატონ ლევანს აქვს მომზადებული კონკრეტული პროგრამები, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ ჩვენს ფერმერებს, ჩვენს მოსახლეობას," - აღნიშნა პრემიერმა.
პროგრამის დეტალებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა თავად ისაუბრა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, მექანიზაციის თანადაფინანსება ის აუცილებელი პროგრამაა, რაც სოფლად მცხოვრებ და სოფლის მეურნეობით დაკავებულ მოსახლეობას ძალიან სჭირდება.
"ეს არის ის ძირითადი სურვილი და სათხოვარი, რაც ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდათ. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, პროგრამა, რომელიც გვქონდა წინა წლებში, მაგრამ შეზღუდული ბიუჯეტით, მასშტაბურად დავაფინანსოთ მიმდინარე წელს. სექტემბრიდან შეგვიძლია მივიღოთ განაცხადები ამ პროგრამაში მონაწილეებისა. ჩვენ გვექნება საგრანტო თანადაფინანსება, შესაბამისად, ტექნიკის ღირებულების ნაწილი სახელმწიფოს მხრიდან გრანტის სახით დაფინანსდება, დანარჩენი ნაწილი, შეიძლება იყოს შეღავათიანი საკრედიტო ან სალიზინგო რესურსით დაფინანსებული, შესაბამისად, ჩვენს მოსახლეობას, ვფიქრობ, მნიშვნელოვან შეღავათს მივცემთ. ჩვენ გვექნება როგორც 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე მექანიზაციის დაფინანსების შესაძლებლობა, ისე 20 000-100 000 ლარამდე ღირებულების და 100 ათას ლარზე მეტის ღირებულების მსხვილი ტექნიკის შემთხვევაში," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.