20 ნოემბერი 2024,   03:01
ვრცლად
ჯარიმა ბავშვების ფეისბუკლაივში ჩვენებისთვის - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ნინოწმინდის პანსიონს 500 ლარიანი სანქცია დააკისრა

ჯარიმა ბავშვების ფეისბუკლაივში ჩვენებისთვის - "რუსთავი 2-ის" მიერ გააქტიურებული ნინოწმინდის ბავშვთა სახლის თემა დღეს კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პანსიონს 500-ს ლარიანი სანქცია დააკისრა. ამ თანხას, ბავშვთა სახლის მოქმედი ხელმძღვანელი გადაიხდის, დარღვევის ავტორი კი წინამორბედი და პანსიონიდან ხმაურით წასული მეუფე სპირიდონია.

საუბარია 4 ივნისის ფეისბუკჩართვაზე - მაშინ სასულიერო პირმა იმის საჩვენებლად, რომ მშობლებს და ატირებულ ბენეფიციარ ბავშვებს არ უნდოდათ პანსიონიდან წასვლა, ლაივი ჩართო.

ინსპექტორმა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში თქვა, რომ ვიდეოში შესაძლებელია მოზარდების იდენტიფიცირება და ეს ლახავს მათ უფლებებს. თუმცა, უფრო მძიმე დარღვევებსა და ბავშვების მიმართ ძალადობაზე საუბრობენ უფლებადამცველები.

ვიდეოში დაუფარავად ჩანან ბავშვთა სახლის არასრულწლოვანი აღსაზრდელები, ისმის მათი ხმები - მათ შორის ტირილი და პოზიცია ვის სურდა, ან არ სურდა ადგილზე დარჩენა.

სამართალდარღვევისთვის ჯარიმის გადახდა დაწესებულების ახალ ხელმძღვანელს მოუწევს, მთავარეპისკოპოს სპირიდონს კი პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

ბავშვთა უფლებების დარღვევისთვის მეუფე სპირიდონის მიმართ სანქციების გატარება საპატრიარქოს შეუძლია, თუმცა იქ ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერს ამბობენ.

დღეს "კურიერის" კითხვებს პანსიონის არც ყოფილ და არც მოქმედ მმართველს არ უპასუხია. უცნობია აღიარებენ თუ არა, რომ დაწესებულებაში არასრულწლოვანთა უფლებები ამჯერად ნამდვილად დაირღვა.

დღის ამბები