თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმისთვის ბრალდებული 3 პირის სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. მოსამართლე გიორგი კერატიშვილს დღეს უნდა გამოეცხადებინა საბოლოო გადაწყვეტილება, თუმცა სხდომა გადაიდო.
ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით სამი პირია დაკავებული. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ჟურნალისტი ვახო სანაია მიიჩნევს, რომ მოსამართლე მიზანმიმართულად ცდილობს სასამართლო პროცესის გადაწევას.
"მოსამართლემ გადადო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებისთვის 25 აგვისტოს, გაუგებარია ჩემთვის. ახსნას დაახლოებით ვუძებნი, ის ცდილობს, რომ ამ აგვისტოს დღეებში კიდევ გადაწიოს პროცესი. წარმოუდგენელია, მოსამართლემ არ იცოდეს, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ამდენი პროცესი გაიმართა, ყველაფერი დევს ხელის გულზე, ასე რომ ველოდებით გამამტყუნებელ განაჩენს," - განაცხადა "ფორმულას" ჟურნალისტმა ვახო სანაიამ.
"ტვ პირველის" ჟურნალისტი ინგა გრიგოლია აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება გაბედავს და დაკავებულ პირებს გამოუშვებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ახალ 5 ივლისს ღიად აანოსებს.
"დღეს ისეთი მნიშვნელოვანი დღეა, რომ ჩვენ აუცილებლად აქ უნდა ვმდგარიყავით. მე მაინც მგონია, რომ არ არის გამორიცხული, რომ გამოუშვან და თუ დღეს ხელისუფლება გაბედავს და გამოუშვებს ადამიანებს, რომლებიც ჟურნალისტს თავისი პროფესიული საქმიანობის გამო თავს დაესხნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ პატარა შვილისა და მეუღლის თანდასწრებით, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება ღიად აანონსებს მაგ შემთხვევაში ახალ 5 ივლისს," - განაცხადა "ტვ პირველის" ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ.