6 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა - კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. როგორც ჩანს ქვეყნისთვის კოვიდის მე-4 ტალღა ყველაზე ძლიერი და დამაზიანებელი აღმოჩნდა. ინფიცირებულთა სულ მცირე 90%-ს უფრო გადამდები და რთული დელტა შტამი აქვს. მკვეთრადაა გაზრდილი გარდაცვალების შემთხვევებიც. მხოლოდ ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 47 სიცოცხლე შეეწირა.
საგანგაშო სტატისტიკის ფონზე პირბადის ტარება ღია სივრცეში ისევ სავალდებულო გახდა. რეგულაცია თითქმის ორთვიანი მოხსნის შემდეგ, კვლავ ძალაშია.
პირბადის ვალდებულებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოცხადებამდე საკოორდინაციო საბჭო სხვა ტიპის რეგულაციებსაც განიხილავდა, თუმცა ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვებისგან თავი შეიკავეს. ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელებს იმედი აქვთ, რომ საქმე გამკაცრებამდე არ მივა, თუმცა ამას არ გამორიცხავენ. ახლა გადამწყვეტი უახლოესი ორ კვირიანი პერიოდი და ის ეფექტი იქნება, რასაც პანდემიაზე უკვე ამოქმედებული რეგულაციები იქონიებს.
რეგულაციების დაწესება დროებითი ეფექტის მიღებას და მობილობის შემცირებას ემსახურება, თუმცა საერთო პერსპექტივაში პანდემიის დამარცხება პირდაპირ კავშირშია ვაქცინაციის ტემპთან. აცრის დღიური მაჩვენებელი ამ დროისთვის 25 000-ის ფარგლებშია, თუმცა ამირან გამყრელიძის ინფორმაციით ამცრელ პუნქტებს ყოველდღიურად მინიმუმ 30 000 ადამიანის გატარების რესურსი აქვთ. მატულობს პუნქტების რაოდენობა სადაც ვაქცინაცია ცოცხალი რიგით, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ხდება. ასეთი სივრცეები უახლოეს დღეებში დამატებით გაიხსნება თბილისში, რუსთავში, ზესტაფონსა და ქუთაისში. დღესვე ცნობილი გახდა, რომ სწორედ ვაქცინაციის და ინფიცირების მაჩვენებლებზე იქნება დამოკიდებული დაიწყება თუ არა სექტემბრიდან საგანმანათლებლო პროცესი.
სექტემბრის თვიდან საკოორდინაციო საბჭო ტესტირების სისტემის ცვლილებასაც გეგმავს. თუ დღეს სწრაფი და PCR ტესტის გაკეთება კოვიდცენტრებში ყველასთვის უფასოა, ეს მიდგომა შეიცვლება. უფასოდ გატესტავენ მხოლოდ მათ, ვინც ვაქცინირებული იქნება. ვისაც აცრის გაკეთება არ სურს თანხის გადახდა მოუწევს.