16 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
"ოცნებამ" ქედის მერობის კანდიდატად როლანდ ბერიძე წარადგინა

არჩევნებამდე 44 დღით ადრე "ქართული ოცნება" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობის კანდიდატების წარდგენას აგრძელებს. მმართველი გუნდი აჭარაში იმყოფება, სადაც ქედის მერობის კანდიდატად "ოცნებიდან" კენჭს როლანდ ბერიძე იყრის. 

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობა სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას გეგმავს, რაც ახალი საწარმოების გახსნის მხარდაჭერასაც ითვალისწინებს. 

"რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები და როგორ ვაპირებთ ამას - სოფლის მეურნეობაში, მოგეხსენებათ, ძალიან დიდი თანხების ინვესტირება მოახერხა "ქართულმა ოცნებამ" ბოლო წლებში, ჩვენ ვგეგმავთ მხოლოდ სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას - გადამამუშავებელი საწარმოების, რეალური ინდუსტრიის, ადგილობრივი წარმოების განვითარებას.

ამ მიზნით, საქართველოს მთავრობა გამოყოფს დაახლოებით მილიარდ ლარს მომდევნო სამი წლის განმავლობაში და ჩვენ ვგეგმავთ, დაახლოებით, 1300 საწარმოს დაფინანსებას. შეიქმნება დაახლოებით 100 000 ახალი სამუშაო ადგილი,"-აღნიშნა პრემიერმა.

მოქალაქეებს სიტყვით როლანდ ბერიძემაც მიმართა. 

"ბოლო 4-მა წელმა მომცა ის, რომ მთავრობის სხვა წევრებთან ერთად აქტიურად ვიყავი მოქალაქეებთან კომუნიკაციაში ჩართული და, აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთად ვიღებდით გადაწყვეტილებებს, თუ სად რა პრობლემა იყო. მე კარგად ვიცი მომავალში რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ჩვენი ქედა იყოს უფრო ლამაზი, კარგი და მიმზიდველი. ერთი წამით არ მეპარება ეჭვი, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებთ. ქედელებს მინდა მივმართო - თქვენ ნახეთ ბოლო წლების განმავლობაში, რომ თქვენი აქტიური ჩართულობით ბევრი პროექტი კეთდება და იმედს ვიტოვებ, რომ მომავალი 4 წელი ჩვენ ერთად ქედას კიდევ ერთხელ ბევრ საქმეს გავუკეთებთ,"- განაცხადა როლანდ ბერიძემ.

დღის ამბები