"ქართული ოცნება" აჭარაში აგრძელებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობის კანდიდატების წარდგენას. ამჯერად, მმართველმა პარტიამ შუახევისა და ხულოს კანდიდატები წარადგინა. შუახევის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" ომარ ტაკიძეა, ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი - ვახტანგ ბერიძე.
კანდიდატების წარდგენისას პრემიერმა რეგიონში მთავრობის მიერ დაწყებულ პროექტებზე ისაუბრა.
"ხულოში ძალიან ბევრი პროექტი დაფინანსდა, რომელიც მოხმარდა გზების მშენებლობას, წყალგაყვანილობას. ამას გარდა, ჩვენ ვგეგმავთ, რომ ახალი ტურისტული ადგილები მოვაწყოთ ყველა მუნიციპალიტეტში.
ჩემი დავალებით, ტურიზმის დეპარტამენტი და ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს აჭარის მთავრობასთან ერთად, იმისთვის, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვკვეთოთ და ახალი ტურისტული ადგილები შევქმნათ, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი დამსვენებელი ჩამოვიდეს ხულოშიც, გოდერძიზე, მწვანე ტბასთან. ეს, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე.
მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ გავაკეთეთ გეგმები და ახლა ვიწყებთ აქტიურ მუშაობას. ინფრასტრუქტურის მიმართულებით და რეგიონის განვითარებაზე 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება. ჩვენ გვინდა თანაბრად განვავითაროთ თითოეული ქალაქი და მუნიციპალიტეტი.
ბოლო წლებში ჩვენმა გუნდმა დაამტკიცა, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა და ძალა, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს საკუთარი ქვეყნის და ხალხის კეთილდღეობაზე,"-განაცხადა პრემიერმა.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის, ვახტანგ ბერიძის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში ხულოში ბევრი სასიკეთო პროექტი გაკეთდა და მომავალშიც გაგრძელდება.
"ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან ბევრი სასიკეთო პროექტი დავიწყეთ ხულოსთვის, უპრეცედენტო პროექტები, რომელიც მნიშვნელოვანია ხულოს განვითარებისთვის. წყლის პრობლემის მოგვარება, რომელიც დავიწყეთ და აუცილებლად ძალიან მალე მოვაგვარებთ. ამ ყველაფერში ყოველთვის გვეხმარებოდა როგორც ცენტრალური ხელისუფლება, ასევე აჭარის მთავრობა. მინდა გითხრათ, რომ ყველა ის დაწყებული პროექტი აუცილებლად მივა ბოლომდე,"-განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.