18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. დღეს მას 37 წელი შეუსრულდებოდა. თანამებრძოლებმა გიორგი ანწუხელიძე კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს.
გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა. 9 აგვისტოს იგი მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა და წამებით და ცემით მოკლეს.
"განსაკუთრებული დღეა, მაგრამ ამავდროულად ძალიან მძიმეა, უკვე მე-13 წელია მის გარეშე ვხვდებით მის დაბადების დღეს," - განაცხადა გიორგი ანწუხელიძის მეუღლემ მაკა ჩიკვილაძემ.
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის წარმომადგენელი უფროსი სერჟანტი ლევან მაზმიშვილი ამბობს, რომ მათთვის საამაყოა გიორგი ანწუხელიძის გმირობა. მისი თქმით, ისინი ყოველ წელს ამ დღეს ადიან მისი ხსოვნისთვის პატივის მისაგებად და მისი ოჯახისთვის პატივისცემის გამოსახატავად.
გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს პოლიტიკოსებმაც. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ "ლელოს" წევრი ლანა გალდავა და "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელი თეონა აქუბარდია. მათ გიორგი ანწუხელიძის გმირობაზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ მომავალი თაობები სწორედ ამ გმირობის მაგალითზე უნდა იზრდებოდნენ.