სახელმწიფო მინისტრის აპარატი განაგრძობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირებას ვაქცინაციის შესახებ.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი ლია გიგაური ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირების კამპანიის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ეწვია. ლია გიგაური რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულთან ბესიკ ამირანაშვილთან ერთად, ქალაქ ნინოწმინდაში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ვაქცინაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
მოგვიანებით, შეხვედრები გაიმართა სოფელ განძანისა და ფოკას მოსახლეობასთან, რომელთაც სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ ენაზე, ვაქცინაციაზე საინფორმაციო ბროშურები და სამედიცინო პირბადეები გადასცა. ლია გიგაურმა აღნიშნა, რომ საინფორმაციო კამპაანიის მიზანი ვაქცინაციის პროცესის შესახებ თითოეულ მოქალაქემდე სწორი ინფორმაციის მიტანაა.
"სახელმწიფო მინისტრის აპარატი განაგრძობს ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას კოვიდპანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით. ამჯერად. ჩვენ ვსტუმრობთ სამცხე-ჯავახეთის ეთნიკური მჭიდროდ დასახლებულ რეგიონს, განსაკუთრებულად კი აქცენტს ვაკეთებთ იმ დასახლებებზე, რომლებიც ცენტრიდან მოშორებულია და სადაც ქართულ ენის ცოდნასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული პრობლემები. ჩვენი მიზანია დავანგრიოთ ის მითები, რომლებიც ვრცელდება ვაქცინაციის საწინააღმდეგოდ. დღეს ყველაზე აქტუალური საკითხი ვაქცინაციაა, სწორედ ამიტომ ვხვდებით მოსახლეობას და სპეციალურად მათთვის მშობლიურ ენაზე მომზადებულ საინფორმაციო ბუკლეტებს გადავცემთ. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ამ მასალების გაცნობის და ჩვენთან შეხვედრების შემდეგ, მათ ექნებათ ყველა შეკითხვაზე პასუხი და მიიღებენ გაცნობიერებულ გადაწყვეტილებას, გააკეთებენ სწორ არჩევანს ვაქცინაციასთან დაკავშირებით როგორც საკუთარი, ასევე მათი ახლობლების ჯანმრთელობის დასაცავად. ჩვენი საინფორმაციო კამპანიები არის კომპლექსური ხასიათის, ძალიან ბევრ მექანიზმს მოიცავს და რა თქმა უნდა ერთ-ერთი გახლავთ ბუკლეტების დარიგება, სადაც როგორც აზერბაიჯანულ, ასევე სომხურ ენაზე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის გასაგებ ენაზე მომზადებულია ყველაზე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია. არცერთი წუთით არ შეგვიწყვიტავს მუშაობა ამ მიმართულებით და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ამ საინფორმაციო კამპანიების დამსახურება და შედეგია ის, რომ მოსახლეობას თითოეულ ეტაპზე აქვს შესაბამისი ინფორმაცია,"-განაცხადა ლია გიგაურმა.
Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო ბროშურები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ერთობლივი თანამშრომლობითა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის ორგანიზებით მომზადდა. საინფორმაციო მასალები კარდაკარ პრინციპით ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ იმ სოფლებში დარიგდება, სადაც ინფორმაციაზე წვდომა შეზღუდულია.
"ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელება რეგიონებში, განსაკუთრებით ჩვენს მხარეში, კერძოდ ჯავახეთში, რადგან აქ ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ცხოვრობს და აუცილებელია, რომ მათ ინფორმაცია მიიღონ მშობლიურ ენაზე. მინდა მადლობა გადავუხადო სახელმწიფო მინისტრის აპარატს ჩამობრძანებისთვის. ჩვენ დავარიგეთ საინფორმაციო ბუკლეტები და სამედიცინო პირბადეები, გავაცანით ინფორმაცია სწორედ მათ ენაზე, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს რეგიონში ვაქცინაცია, ქვეყანაში ვაქცინაცია, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი. სამწუხაროდ, განსაკუთრებით ჯავახეთში ჩვენ ძალიან დაბალი მაჩვენებელი გვქონდა და ვაქცინაციის პროცესი ნელა მიმდინარეობდა, მაგრამ ბოლო პერიოდში, დაახლოებით ერთ კვირაზე მეტია უკვე აჩქარდა ეს პროცესი, მთლიანობაში ორივე მუნიციპალიტეტში დაახლოებით 1500 ადამიანი არის აცრილი და ვფიქრობ, რომ დღევანდელი შეხვედრების და ინფორმაციის მიწოდების შემდგომ, კიდევ უფრო დაჩქარდება ეს პროცესი. ამისთვის ყველანაირად არის მზად ინფრასტრუქტურაც კლინიკებში, ამცრელი ბრიგადები მუშაობენ და არის საშუალება, რომ დაემატოს ეს ბრიგადები. ასევე ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ უშუალოდ სოფლებშიც ჰქონდეს ჩვენს მოსახლეობას ვაქცინის მიღების საშუალება. ამის შესახებაც ჩვენ ვესაუბრეთ და მზაობა გამოვთქვით,"- განაცხადა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა.