ამ დრომდე კლინიკაში რჩება უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ყაზბეგში ზვავში მოჰყვა. 5 დაშავებული ტურისტიდან ახლა ყაზბეგის სამედიცინო ცენტრში მხოლოდ 1 უკრაინელი ტურისტი იმყოფება.
ექიმის ინფორმაციით, სამედიცინო ცენტრში შეყვანისთანავე მას აღენიშნებოდა ასფიქსია, ახლა კი მას მარჯვენა ხელის მოტეხილობა აწუხებს და ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"ზვავი ზღვის დონიდან დაახლოებით 4 700 მეტრის სიმაღლეზე ჩამოწვა. მე მეგობრებთან ერთად ვიყავი, რომლებმაც ამომიყვანეს. ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ," - განაცხადა დაშავებულმა მარიანა ოვალენკომ "კურიერთან" საუბრისას.
ცნობისთვის, მყინვარწვერზე ყინულის ფერდი დღეს დილით ჩამოიშალა. "კურიერის" ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, 5 მთამსვლელი ზვავმა მოიყოლა, მათგან 2 უვნებლად ამოიყვანეს, სამი კი სხვადასხვა სახის მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულები პოლონეთის და უკრაინის მოქალაქეები არიან.