20 ნოემბერი 2024,   05:10
ვრცლად
კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი ქვეყანაში კვლავ მაღალია - COVID-19-ს ბოლო 24 საათში კიდევ 74 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი ქვეყანაში კვლავ მაღალია - COVID-19-ს ბოლო 24 საათში კიდევ 74 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. იკლებს დაინფიცირების შემთხვევები - დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8%-ზე ნაკლებია. სპეციალისტები სტატისტიკის გაუმჯობესებას არსებულ რეგულაციებს და ვაქცინაციას უკავშირებენ.

იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვა ქალაქებში. მოქალაქეებს აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშეც შეუძლიათ. საქართველოში შესაძლოა კიდევ მილიონი დოზა Sinopharm და 2 მილიონი დოზა Pfizer შემოვიდეს.

კოვიდკლინიკებში ახლაც 1500 მძიმე პაციენტია და 400 ხელოვნურ ვენტილაციაზე რჩება. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი "კურიერთან" ინტერვიუში სიკვდილიანობის შესამცირებლად რამდენიმე გამოსავალზე საუბრობს. მათ შორის არის პირბადის ტარების აუცილებლობა, რომლის პროცენტული მაჩვენებელი საგანგაშოდ 43% არის ჩამოსული.

ქვეყნისთვის ერთგვარი ტესტი მომდევნო 2 კვირა იქნება. სპეციალისტები სიმბოლური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებაზე საუბრობენ. მაკა ბულეიშვილი ამბობს, რომ თუ ამ პერიოდის განმავლობაში დღის განმავლობაში ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები დაბალი იქნება, მეტი ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება იქნება შესაძლებელი.

მოქალაქეები ვაქცინაციის მობილურ პუნქტებში დღეს სწორედ იმ მოტივით მივიდნენ, რომ დაიცვან საკუთარი თავი და მოკლე ვადებში ქვეყანა ნორმალური ცხოვრების რიტმს დაუბრუნდეს.

მომდევო ორი თვე ვაქცინაციის კუთხით კიდევ უფრო აქტიური იქნება. მოძრავი ამცრელი პუნქტები ყველა იმ სოფლამდე მივა, სადაც დღეს ამბულატორიები არ ფუნქციონირებს.

პარალელურად ამირან გამყრელიძე უსაფრთხო სწავლის კონცეფციაზე საუბრობს. პედაგოგებს, ლექტორებს და სტუდენტებს ვაქცინაციის აუცილებლობას ახსენებს.

დღეის მდგომარეობით, მოზრდილი მოსახლეობის სულ 16,7%-ია აცრილი. იგივე ასაკობრივ ჯგუფში ერთჯერადი ინექცია 29,4%-ს აქვს გაკეთებული.

დღის ამბები