ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე "დღის კურიერში" აცხადებს, რომ კორონავირუსის ინფექციის გავრცელების დონემ იკლო, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. მინისტრის განცხადებით, ასევე აღინიშნება დადებითობის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი შემცირებაც.
"დაავადება ნამდვილად უკან იხევს. გატარებული ღონისძიებები აღმოჩნდა საკმაოდ ეფექტური, რისი მოლოდინიც როგორც ეპიდემიოლოგებს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს ყველა წარმომადგენელს გვქონდა და შესაბამისად, სწორედ ამ მოლოდინებიდან გამომდინარე იქნა წარდგენილი ეს რეკომენდაციები საბჭოზე, რასაც საბჭო საბოლოო ჯამში დაეთანხმა.
დღესდღეობით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაკვირდებით კოეფიციენტის მნიშვნელოვან კლებას, რაც სპეციალისტებისთვის აღნიშნავს იმას და მოლოდინს ქმნის, რომ ინფექცია მნიშვნელოვნად უკან დაიხევს.
ასევე გვაქვს დადებითობის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი შემცირება, რაც ასევე ინფექციის გავრცელების უკან დახევაზე მიუთითებს. პროგნოზი არის ძალიან კეთილსაიმედო, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ შემდეგ საბჭოზე უკვე ვიმსჯელოთ სხვა დამატებითი ეფექტური ღონისძიებების გატარებაზე, იქნება ეს გახსნითი ღონისძიებები თუ დამატებით კიდევ გარკვეული უფრო ეფექტური რეგულაციების დაწესება," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.