25 აპრილი 2024,   18:40
ვრცლად
აყვანილი მძევლები და 3 საათიანი სპეცოპერაცია ყვარლის ცენტრში - რა დეტალებს ყვებიან თვითმხილველები "კურიერთან"

რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, სამართალდამცველებმა "საქართველოს ბანკის" ყვარლის ფილიალში შეჭრილი მამაკაცი ჯერ განაიარაღეს, შემდეგ კი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოთხოვნა, რომელიც თავდამსხმელს ჰქონდა, ნახევარი მილიონი დოლარის მიღება იყო. ამ წუთებში, დაკავებულის დაკითხვა მიმდინარეობს. 

დაკავების ოპერაციამდე შსს-მ ყველა მძევალი გაათავისუფლა და უწყების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 10-მდე პირი სამართალდამცველებმა გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

შეტყობინება ბანკში შეჭრილი შეიარაღებული მამაკაცის შესახებ პოლიციაში დღის პირველ ნახევარში შევიდა. ერთ-ერთი თვითმხილველი "კურიერთან" ყვება, რომ კარგად დაინახა, როგორ შევიდა ახალგაზრდა მამაკაცი ბანკში, რომელსაც ნიღაბი ეკეთა და ხელში, სავარაუდოდ, ხელყუმბარა ეჭირა. 

თვითმხილველები "კურიერთან" იხსენებდნენ, როგორ დატოვეს შენობა მძევლებმა, ნაწილმა ფანჯრიდან გადმოსვლა მოახერხა, ნაწილმა კი ცენტრალური კარიდან გამოსვლა შეძლო.

დაკავების ოპერაციის დეტალებზე ძალოვანმა უწყებამ განცხადება სპეცოპერაციის მიმდინარეობისას რამდენჯერმე გააკეთა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შსს საპოლიციო ღონისძიებების დეტალებზე არ საუბრობს.

გამოძიება ყვარელში, "საქართველოს ბანკში" შეჭრის ფაქტზე ახალგაზრდა მამაკაცის წინააღმდეგ სამი მუხლით დაიწყო.

დღის ამბები