20 აპრილი 2024,   15:57
ვრცლად
დმანისში ჰომინიდების - იგივე პრეისტორიული ადამიანების გავრცელების ახალი კერა აღმოაჩინეს

დმანისში ჰომინიდების, იგივე პრეისტორიული ადამიანების გავრცელების ახალი კერა აღმოაჩინეს. ისტორიული აღმოჩენა, რომელიც თითქმის 2 მილიონი წლით თარიღდება, მოიცავს კარგად შემონახულ და განმარხებულ ცხოველთა ნაშთებს, ასევე ქვის იარაღებსა და სანადირო არტეფაქტებს.

ეს აღმოჩენა ნიშნავს, რომ დმანისის ცნობილი არქეოლოგიური ძეგლის გარდა, კიდევ ერთი მსოფლიო მნიშვნელობის პრეისტორიული ობიექტი არსებობს.

ექსპედიციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ აღმოჩენის თარიღი ზეზვასა და მზიას თარიღს ემთხვევა და სანადირო იარაღებიც თითქმის იდენტურია. არსებობს თეორია, რომ აფრიკიდან გადმოსული ადამიანი სწორედ სამხრეთ კავკასიაში დასახლდა, რასაც დმანისში აღმოჩენილი ნივთები მოწმობს.

ანატკეცი - ასე ჰქვის იარაღები, რომელებიც მილიონ 800 000 წლით თარიღდება, დღეს არქეოლოგებმა დმანისში, გათხრების დროს აღმოაჩინეს. საქართველოს ეროვნული მუზეუმის მკვლევართა გუნდმა, სოფელ ოროზმანთან, საქართველოში აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ, ჰომინიდების, ანუ პრეისტორიული ადამიანების გავრცელების ახალი კერა გამოავლინეს.

ძველ სანადირო იარაღთან ერთად, არქეოლოგიურ გათხრებში მკვლევარებმა ცხოველთა ნეშტებს მიაკვლიეს. ანტილოპის კიდურები კიდევ ერთხელ ამტკიცებს აფრიკელი ჰომინიდების ცხოვრებას სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე.

ეროვნული მუზეუმის არქეოლოგებთან ერთად დმანისის გათხრებში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩამოსული სტუდენტები მონაწილეობენ.

10 კაციანმა მკვლევართა გუნდმა არქეოლოგიური გათხრები 20 დღის წინ დაიწყო. ამ ეტაპზე აღმოჩენილია 30-ზე მეტი არტეფაქტი. არქეოლოგები მუშაობას სეზონის ბოლომდე განაგრძობენ, რის შემდეგაც ობიექტის კონსერვაცია მოხდება. დმანისის ფერდობის შესწავლა წლების განმავლობაში, ეტაპობრივად განახლდება.

დღის ამბები