31 აგვისტო 2026,   04:59
ვრცლად
"მე ასეთი რამე არ მინახავს, ჩემი შვილი ტერორისტი არ არის" - ხაშურში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული პირის დედა

სპეცოპერაცია შიდა ქართლში - გამთენიისას სპეცრაზმის წარმომადგენლებმა ერთდროულად რამდენიმე ადამიანი, ქალაქ გორსა და მის მიმდებარე სოფლებში აიყვანეს. პარალელურად სპეცოპერაცია ჩატარდა ხაშურშიც. მომხდარი, სავარაუდოდ, ქურდულ სამყაროსთან კავშირს ეხება. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება, ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

"კურიერი" ერთ-ერთი დაკავებულის, ალექსი ცეცხლაძის მეგობრებს ესაუბრა. როგორც ირკვევა, ალექსი ცეცხლაძე, მეტსახელად "მღვდელოვიჩი", ივლისის თვეში ასევე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული კრიმინალური ავტორიტეტის ძმა არის. თუმცა, იკვეთება თუ არა რაიმე კავშირი ამ ორ საქმეს შორის ჯერჯერობით უცნობია და შსს-სგან ამის დადასტურება ჯერჯერობით არ მომხდარა.

რაც შეეხება ხაშურში ჩატარებულ სპეცოპერაციას, დაკავებულია 1993 წელს ჩაცხრილული ე.წ. კანონიერი ქურდის ნოდარ მუმლაძის შვილი.

როგორც "კურიერთან" საუბარში დაკავებულის დედა აცხადებს, მის შვილს ბრალი არავითარ დანაშაულში არ მიუძღვის, ის ბერებთან ერთად მონასტერში ცხოვრობდა.

"ჩვენ თბილისიდან ჩამოვედით. მეზობლებმა დამირეკეს, რომ სპეცრაზმია სახლში. მე ასეთი რამე არ მინახავს, ჩემი შვილი ტერორისტი არ არის, ასეთი რამე შეიძლება ტერორისტზე იყოს და მთელი ცხოვრება ვზრდიდი, რომ ასეთი რამე არ დამმართნოდა. შვილი მყავს იმნაირი, რომ რა ნარკოტიკი, რის ნარკოტიკი, სასმელსაც არ სვამს ერთ ჭიქას. ჯანმრთელი ცხოვრებით ცხოვრობს და რაღაც პატარ-პატარა თავისი ბიზნესები აქვს და რა უნდათ არ ვიცი," - აცხადებს გორში დაკავებული პირის დედა.

მეზობლების თქმით, მათ არაფერი საეჭვო არ შეუმჩნევიათ.

დღის ამბები