22 ნოემბერი 2024,   10:02
ვრცლად
კრიმინალური ვენდეტა ვერაზე - ვისი დავალებით მოქმედებდა "ქილერი" რომელმაც 22 წლის ბიჭს 9 ტყვია ესროლა 

ვერაზე მომხდარი მკვლელობის შემსრულებელი, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნიდან დაქირავებული "ქილერია". "კურიერისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობა შესაძლოა მისი მამის, ე.წ. კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიას საქმიანობას უკავშირდებოდეს.

ჩვენი ინფორმაციით, ამ საქმეში კიდევ ერთი კრიმინალური ავტორიტეტის გვარიც ფიგურირებს. ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, სავარაუდოდ, კავშირი აქვს, ზუსტად 20 წლის წინ, მოსკოვში მომხდარ მკვლელობასთან. მაშინ საკუთარ ავტომობილში ხელნაკეთი ბომბით ქართველი კანონიერი ქურდი დავით კაკულია, მეტსახელად, დათო "ტბილისკი" ააფეთქეს.

"კურიერმა" გაარკვია, რომ გამოძიება მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობა სწორედ კაკულიას შვილებმა რუსეთიდან დაუკვეთეს. 

ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობის მთავარი მტკიცებულება სათვალთვალო კამერის ჩანაწერებია. კადრებში ჩანს, რომ მკვლელი ობიექტს საკუთარ მანქანასთან, ხალხმრავალ ადგილზე, იქ, სადაც არაერთი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული, კეპით და პირბადით, განსაკუთრებული სიფრთხილის გარეშე ელოდება, შუა ქუჩაში უხსნის ცეცხლს და 9 ტყვიის გასროლის შემდეგ, ტოვებს ტერიტორიას. 

22 წლის ნიკა კვარაცხელია კლინიკაში საკუთარი მანქანით გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

მოკლულ 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას თავად კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი არ ქონია. ის პირველი ქართული სოციალური ქსელის, "ფიდსის" შემქმნელი იყო; მონაწილეობდა არაერთ მნიშვნელოვან პროექტში და მას დღეს როგორც წარმატებულ და პროგრესულ ახალგაზრდას, ისე იხსენებენ. 

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაწყო, თუმცა, დღეს საქმე განზრახ მკვლელობად გადაკვალიფიცირდა. ამ დრომდე, ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დღის ამბები