16 ნოემბერი 2024,   19:42
ვრცლად
არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება - საარჩევნო მარათონში ჩართული კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ

საარჩევნო მარათონში ჩართული პარტიის წევრებმა მოსახლეობასთან შეხვედრები დილიდან დაიწყეს. საარჩევნო კამპანიას აგრძელებს "მესამე ძალა სტრატეგია აღმაშენებელი". გაერთიანების ლიდერები დღეს კახეთში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ლაგოდეხის მერობის კანდიდატი წარადგინეს. გიორგი ვაშაძის განცხადებით, სწორედ "მესამე ძალას" აქვს ძალა, მოსახლეობას რეგიონში პრობლემები მოუგვაროს.

საბურთალოელებს მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა პარტია "ხალხისთვის" ლიდერმა. ანა დოლიძემ მოქალაქეებს მდიდარი და წარმატებული საბურთალოს 10 პუნქტიანი ხედვა გააცნო. პროექტი ყველა უბანში მწვანე სივრცეებს, მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგებს, უსაფრთხო გზებს, აუტისტური სპექტრისა და სხვათა დაფინანსების გაზრდას ითვალისწინებს.

ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრები იყო რეგიონებშიც. "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა ბათუმში, საკრებულოს შეთანხმებული ოპოზიციური თავმჯდომარეობის კანდიდატი ვახტანგ კალოიანი და აჭარის რეგიონის გუნდი წარადგინეს. გიგა ბოკერიას განცხადებით, აჭარის გუნდს რეგიონის განვითარების კონკრეტული ხედვა აქვს.

ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან", პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან ერთად, მე-8 ლეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომლის განხორციელებასაც მმართველი გუნდი მომდევნო 4 წლის განმავლობაში აპირებს.

არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, მოსახლეობა 2 ოქტომბერს თვითმმართველი ქალაქების მმართველებისა და მაჟორიტარობის კანდიდატების ასარჩევად ემზადება.

დღის ამბები