პარტია "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებთან, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძესა და პარტიის სხვა წევრებთან ერთად განათლების, კულტურის, სპორტისა და მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ქუთაისის განვითარების პერსპექტივებსა და მომავლის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.
"სხვადასხვა სახის წინადადება მოვისმინე ჩვენი ქალაქის ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით. ძალიან მახარებს ის, რომ ჩვენი თანაქალაქელები აქტიურად არიან ჩართულები წინასაარჩევნო კამპანიაში," - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ქუთაისის მერობის კანდიდატის შეხვედრები საზოგადოების წარმომადგენლებთან გრძელდება.