ეპიდემიოლოგების შეფასებით, თუ ქვეყანაში იმუნიზაციის ტემპი ასე გაგრძელდა, შესაძლოა ვაქცინებს ვადა გაუვიდეს.
ბოლო რამდენიმე დღეა, ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი 15 000 - მდეა მაშინ, როცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო იმუნიზაციის მიზნის მისაღწევად აუცილებლად მიიჩნევენ დღეში 30 000-მდე აცრის გაკეთებას.
ალერგოლოგი ხათუნა კარტოზია აცხადებს, რომ კლინიკაში არსებულ ვაქცინებს ვადა 2021 წლის ნოემბერში გასდის.
"ვადები, რომელიც უფიქსირდება ჩვენს კლინიკაში არსებულ ვაქცინას არის 2021 წლის ნოემბერი. შესაბამისად, ნოემბრის შემდეგ ვაქცინის გამოყენება გამორიცხულია, ეს გამოიწვევს ვაქცინის გაფუჭებას. ამიტომ ჩემი მოთხოვნა და თხოვნა იქნება მობრძანდნენ ადამიანები და აიცრან, გამოვიყენოთ ეს ვაქცინები,"- აცხადებს ალერგოლოგი.
საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაცია 15 მარტიდან დაიწყო. ამ დრომდე სრულად აცრილია 740 000-მდე ადამიანი - რაც ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 26 პროცენტს შეადგენს.