სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსით 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
"ის იყო თანდაყოლილი ქრომოსომული პათოლოგიით, მცირე წონის იყო, აღინიშნებოდა ფსიქომოტორული სფეროს მკვეთრი ჩამორჩენა, გულის კომბინირებული მანკი, კოვიდის დადასტურებიდან დაახლოებით მეექვსე დღეს არის ჩვენთან შემოსული, მანამდე შევიდა სხვა კლინიკაში და იქიდან გადმოიყვანეს მძიმე მდგომარეობაში," - ამბობს ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე.
მისი ინფორმაციით, კლინიკაში, ამჟაად 80-მდე ბავშვი წევს მშობლებთან ერთად, აქედან მხოლოდ 2 მშობელი არის ერთჯერადად ვაქცინირებული, დანარჩენ მშობლებს არცერთი აცრა არ აქვთ ჩატარებული.
მაია ჩხაიძის თქმით, რეანიმაციაში ამჟამად 19 ბავშვია მოთავსებული, მათგან ერთ-ერთი, 2.5 თვის პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.
საქართველოში ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელია - ქვეყანაში, ბოლო მონაცემებით, ერთ დღეში მხოლოდ 4 124 აცრა ჩატარდა.
რაც შეეხება კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობას, ვირუსს კიდევ 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაინფიცირდა 867 პირი, გამოჯანმრთელდა 1877 პაციენტი.