16 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
საუბარი მიხეილ სააკაშვილის უკრიანაში ექსტრადიციაზე არის სამართლებრივი უაზრობა, ანუ ნონსენსი - თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით ექსტრადიცია უკრაინაში ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც იმ ქვეყანაში მოთხოვნილი პირი არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული.

"მე არ მგონია, ყოველ შემთხვევაში არ ვიცი, უკრაინაში სააკაშვილი იყოს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირი, ამიტომ საუბარი ექსტრადიციაზე არის სამართლებრივი უაზრობა, ანუ ნონსენსი. თუ აქ საუბარია, რომ ჩვენ სააკაშვილი გადავცეთ უკრაინას, რათა საქართველოს სასამართლოს მიერ მისჯილი სასჯელი მოიხადოს უკრაინაში, ამის არავითარი სურვილი ჩვენ არ გაგვაჩნია, პოლიტიკურად კი მე გაკვირვებული ვარ იმიტომ, რომ თუ ადამიანი არის ასეთი მოწოდებული, თავი შესწიროს იდეალებს, წესით, მას არ უნდა ჰქონდეს წესით სურვილი, რომ კიევში დაბრუნდეს," - აცხადებს თეა წულუკიანი.

მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე საგარეო საქმეთა მინისტრმაც ისაუბრა. როგორც დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში საელჩოს თანამშრომელი უკვე იმყოფებოდა და ქართულმა მხარემ უკრაინელ პარტნიორებს საჭირო ინფორმაცია მიაწოდა.

"საელჩოს თანამშრომელი უკვე იმყოფებოდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში. მან ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს მიაწოდა ყველანაირი, ამომწურავი ინფორმაცია, უკრაინაში ახალი ელჩი გვყავს, ის დღის განმავლობაში გადასცემს რწმუნებათა სიგელებს და მიაწვდის დამატებით ინფორმაციას.

არანაირი პრობლემა არ იქნება, არც კი უნდა იყოს განხილული ჩვენი ურთიერთობების მძევლად აყვანა, რისი მცდელობაც აქვთ ჩვენს ოპონენტებს და თვითონ მსჯავრდებულს.

მე მაქვს ჩემი ვარაუდი, რომ არ არის გამორიცხული, მას უკრაინის კანონმდებლობაც ჰქონდეს დარღვეული და უკრაინის საზღვარი ჰქონდეს უკანონოდ გადაკვეთილი," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები