ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთმა, შესაძლოა, ქილერების ლიკვიდაციაც მოახდინოს - ამ შინაარსის გამაფრთხილებელ განცხადებას მოკლული 22 წლის ახალგაზრდის მშობლები ე.წ. კანონიერი ქურდი გია კვარაცხელია და მისი მეუღლე ავრცელებენ. მოკლულის მშობლები ბრალდებულების ოჯახებს მიმართავენ.
კვარაცხელიების მოწოდებაზე კომენტარს არ აკეთებს მკვლელობის ბრალდებით ძებნილი გიორგი კავილაძის დედა. კომენტარის გაკეთება არ სურს არც არც მეორე ბრალდებულის, აკო ჭელიძის ოჯახს. ბრალდებულის ადვოკატი კვარაცხელიას მშობლების განცხადების იმ ნაწილს ადასტურებს, სადაც საუბარია, რომ მოკლული და ბრალდებულები ერთმანეთს არ იცნობდნენ.
რატომ მოკლეს ნიკო კვარაცხელია - რეალურ მოტივზე საუბარი უჭირს ოჯახსაც და მათ ადვოკატსაც.
ნიკო კვარაცხელია, ქართული სოციალური ქსელის "ფიდსის" შემქმნელი იყო. ის თბილისის ცენტრში, ანჯაფარიძის ქუჩაზე 15 სექტემბერს სასიკვდილოდ დაჭრეს.
მეორე დღეს კი, გარდაიცვალა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ესვრის აკო ჭელიძე ნიკო კვარაცხელიას 10-ზე მეტ ტყვიას. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობის ადგილზე ჭელიძე და კავილაძე ნაქირავები მანქანით მივიდნენ, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი, ტერიტორიიდან გაიქცნენ. გავრცელებული ვერსიით, ბრალდებულებმა თავი თურქეთს შეაფარეს.
ჭელიძე და კავილაძე შეკვეთილი მკვლელობის შემსრულებლებად ითვლებიან. ვინ არის დამკვეთი - საგამოიძიებო უწყებებს ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ.