"მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მისი პარტიის წარმომადგენლების ოჯახის წევრები ლანჩხუთსა და ნინოწმინდაში სამსახურიდან უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ გათავისუფლებულებს სამსახურში არ დააბრუნებენ, სამართლებრივ ბრძოლას დაიწყებენ.
"ჩვენს მხარდამჭერებზე კვლავ გრძელდება ზეწოლა. კონკრეტულად მინდა დავასახელო ლანჩხუთში და ნინოწმინდაში ჩვენი სიის პირველი ნომრის შვილი გვანცა ჩხარტიშვილი ლანჩხუთში გაათავისუფლეს სამსახურიდან. ხოლო ნინოწმინდაში, ჩვენი სიის პირველი ნომრის, მარტიროს მარკოვისიანი გაათავისუფლეს ვეტერინარის პოზიციიდან. ჩვენ ყველა მათგანის უფლებას დავიცავთ და აუცილებლად სასამართლოსაც მივმართავთ, მივმართავთ ყველა იმ მექანიზმს, რომელიც მათ უფლებებს დაიცავს,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.