ქრონიკული დაავადებების მქონე და 50 წელს ზემოთ ასაკის პირებს ვაქცინის ბუსტერ დოზები გაუკეთდებათ
იმუნიზაციის საბჭომ ბუსტერ დოზის გამოყენებას მხარი დაუჭირა, ამის შესახებ სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, ბუსტერის გაკეთებას შეძლებენ 50 წლის ზემოთ ადამიანები და სხვა ნებისმიერი ასაკის პირი, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადება. ბუსტერის მიღებას, ასევე, შეძლებენ მაღალი რისკის მქონე პროფესიის ადამიანები.
"ორი ძირითადი საკითხი განიხილა საბჭომ, ეს გახლავთ ე.წ. ბუსტერ დოზის გამოყენება და ასევე, ბავშვების ვაქცინაციის საკითხი. ბუსტერ დოზებთან დაკავშირებით, საბჭომ მხარი დაუჭირა ბუსტერ დოზის გამოყენებას მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ, 50 წლის ზემოთ პირებში, ასევე ნებისმიერი ასაკის პირებში, ვისაც აქვს რაიმე ქრონიკული დაავადება და ასევე, მაღალი რისკის პროფესიებში, როგორიც გახლავთ სამედიცინო პერსონალი, ასევე დახურული ტიპის დაწესებულებაში მცხოვრები პირები და იქ დასაქმებული თანამშრომლები,"- განაცხადა გაბუნიამ.