რუსთავის მეთორმეტე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ექსპრეზიდენტთან მისი უფლებადამცველები იმყოფებოდნენ. ადვოკატების თქმით, ისინი ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ითხოვენ.
ამასთან, სააკაშვილის უფლებადამცველები, მიხეილ სააკაშვილის ციხის ყოფით პირობებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ აქვს ტელევიზორი, ლეიბი და სხვადასხვა ყოფითი ნივთით სარგებლობის კანონით მინიჭებული უფლება შეზღუდული აქვს.
"ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ცდილობს როგორც მიშას იზოლირებას, ამავდროულად ცდილობს გარკვეული ყოფითი პირობების გაუარესებას, ან არ შექმნას, როგორიც არის მაგალითად ტელევიზორის არ დადგმა, ლეიბის საკითხი, რომელიც ამ დრომდე არ აქვს. მიშას პრინციპული პოზიციაა შიმშილობა და ეს პრინციპული პოზიცია მომდინარეობს იმ უსამართლობასთან ბრძოლის წინააღმდეგ, რაშიც მიხეილ სააკაშვილი და მთელი ქართული დემოკრატიული საზოგადოება არის შესული,"-აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილაია.
"მიხეილ სააკაშვილი თავს კარგად გრძნობს, ჯანმრთელად არის და შიმშილობა მისი პრინციპული პოზიციაა, ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ ეხალისება. ბოლომდე აპირებს, რომ იშიმშილოს. სტანდარტულ პირობებზე დაბალი დონის პირობები აქვს. უამრავ მსჯავრდებულს აქვს უფლება, ისარგებლოს ტელევიზორით, სხვადასხვა ნივთით, თუმცა დღემდე ამ მდგომარეობაშია,"-აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი გიორგი გელხაური.