მიხეილ სააკაშვილთან კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში თითქმის ერთი საათი იმყოფებოდა. მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, ეკლესიის თხოვნის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.
"მას გადავეცი მისი უწმინდესობის მოკითხვა და ლოცვა-კურთხევა, გადავეცი მისი უწმინდესობის თხოვნა შიმშილობასთან დაკავშირებით. ბატონმა მიხეილმა მოიკითხა მისი უწმინდესობა, მთხოვა გადავცე, რომ მას პატივს სცემს და მოვიკითხო დიდი პატივისცემით. რაც შეეხება შიმშილობას, მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს, ის ამ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. მე არ შემიმჩნევია მისთვის სისუსტე, სულ რამდენიმე წუთი ვისაუბრეთ და დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
როგორც წესი, პატიმრებს, რომლებსაც აქვთ ხოლმე ასეთი მოთხოვნები შიმშილობასთან დაკავშირებით, მე რაც მეხსიერება მაქვს, ყოველთვის მივდივართ ხოლმე და ვთხოვთ, შეწყვიტონ შიმშილობა," - განაცხადა ბოტკოველმა.