ზუგდიდში "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" აქცია გამართა. პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები 67-ე საოლქო კომისიასთან მსვლელობით მივიდნენ.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა, ბიულეტენების ობიექტურად გადათვლაა, რადგან მათივე თქმით, საკრებულოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს მანდატი გაუბათილეს. საოლქო კომისიასთან მობილიზებული იყო პოლიცია.
"საპროტესტო აქციაზე გამოვიდა ზუგდიდის მოსახლეობა იმისათვის, რომ გაეპროტესტებინა ის გაყალბების მასშტაბები, რომელიც ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხდება. ჩამოვედი, როგორც წევრი "ნაციონალური მოძრაობის", თბილისიდან არავინ ჩამოსულა. აღშფოთებული საზოგადოება თავის სიტყვას იტყვის და 30 ოქტომბერს ზუგდიდიდან დაიწყება საქართველოს გათავისუფლება,"- აცხადებს ენმ-ის წევრი ლევან ბეჟაშვილი.