ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კვლავ მძიმდება - ვირუსის გავრცელების რისკები, რომ მაღალია ამას ჯანდაცვის უწყებაში ადასტურებენ. COVID-კლინიკები კვლავ მობილიზებულია მძიმე პაციენტების მისაღებად.
სპეციალისტების შეფასებით, თუ აცრების ტემპი არ მოიმატებს, შედეგი მძიმე იქნება.
"ჩვენ აუცილებლად გვექნება კიდევ ერთი პიკი, ამ ყველაფრის შეჩერება კი ძალიან რთული იქნება, თუკი მოსახლეობა ვაქცინირებული არ იქნება. დღეს რაღაც სახალხო პროტესტს უცხადებენ ვაქცინას, მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ნამდვილად აქვს იმის საშუალება, რომ მილიონამდე ადამიანი აიცრას. ჩვენ ძალიან დიდი აფეთქების წინაშე ვართ. პირადი გამოცდილებით ვიტყვი, რომ ორჯერადად აცრილს დამემართა კორონავირუსი და ათიათასჯერ მსუბუქად გადავიტანე, ამიტომ, მადლობელი ვარ იმის, რომ ავიცერი. ეს არის ყველაზე მთავარი. ყველაზე ცუდი შეიძლება მოხდეს ის, რომ შესაძლოა გარდაცვალების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდოს,"- აცხადებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 774 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 37 ადამიანი.
ინფექციისგან განიკურნა 1623 პაციენტი.
დღიურად ჩატარებული ტესტირების რაოდენობა - 47 723.