"ოსკარსა" და "ოქროს გლობუსზე" საქართველოდან ლევან კოღუაშვილის ფილმი - "მეოთხე ბრაიტონი" გაიგზავნება.
ფილმი "ოსკარზე" საქართველოდან საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე იქნება წარდგენილი. ფილმი ქართველი ემიგრანტების შესახებ მოგვითხრობს.
ფილმი "მეოთხე ბრაიტონი" გვიყვება ამაღელვებელ ისტორიას ქართველი მოჭიდავის – კახის შესახებ, რომელიც ბრუკლინში ჩადის, რათა შვილს აზარტული თამაშების ვალის გადახდაში დაეხმაროს.
ფილმში კახის როლს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონატის ხუთგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი ლევან თედიაშვილი ასრულებს. ერთ-ერთ მთავარ როლშია ასევე ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე, რომლისთვისაც "მეოთხე ბრაიტონი" სამწუხაროდ ბოლო ფილმი აღმოჩნდა. ფილმის დამდგმელი ოპერატორია ფედონ პაპამიქაელი, რომელიც ორჯერ იყო ნომინირებული "ოსკარზე“, როგორც საუკეთესო კინოოპერატორი.
სპეციალურმა კომისიამ ფარული კენჭისყრა სულ ცოტა ხნის წინ გამართა.
წელს ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად 3 ქართული ფილმი იბრძოდა.
"რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?" – რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე,
"პერსონა #2" – რეჟისორი ნინო ბასილია,
"მეოთხე ბრაიტონი" – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი.