საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" საქმეზე მოსამართლემ, შესაძლოა, გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადოს. საუბარია დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელზე, რომლის მიხედვითაც "რუსთავი 2-ის" დამფუძნებლები 60%-იან წილს ითხოვენ.
დავით დვალს საქმესთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინი აქვს.
"მოლოდინი გვაქვს ოპტიმისტური, მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ დარწმუნებული სასამართლო რამდენად მიუკერძოებელი იქნება. ჩვენ წარვადგინეთ ყველანაირი მტკიცებულება იმისა, რომ გარიგება იყო უსამართლო და ზეწოლის ქვეშ მოხდა," - განაცხადა "რუსთავი 2-ის" დამფუძნებელმა, დავით დვალმა.
ადვოკატის, კახა კოჟორიძის თქმით, საქმეში საკმარისზე მეტი მტკიცებულებებია წარმოდგენილი, იმისთვის რომ სარჩელი დაკმაყოფილდეს. მოსამართლე მათი შეფასებით, სამართლიან გადაწვეტილებას მიიღებს.
რაც შეეხება საპასუხო მხარის პოზიციას, "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი, პაატა სალია აცხადებს, რომ დვალი და აქიმიძის სარჩელი ხანდაზმულია და შესაბამისად, გამორიცხულია მისი დაკმაყოფილება.
"მიგვაჩნია, რომ სარჩელი ხანდაზმულია, შესაბამისად, მისი დაკმაყოფილება გამორიცხულია. ჩვეულებრივი მანიპულაციაა, მიმართული იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც შესაძლოა ვერ ერკვეოდნენ იურისპრუდენციის დეტალებში. არც არის ყველა ვალდებული, ასე დეტალებში ერკვეოდეს. ჩვენ, მთავარია, სასამართლოს სწორად გავაგებინოთ ჩვენი პოზიცია. ნამდვილად არ არის იდენტური სარჩელები, იდენტური ფაქტობრივი გარემოებები და ის სამართლებრივი პოზიციები, რაც იყო ჩვენს სარჩელში და რაც არის დღევანდელი მოსარჩელეების სარჩელში. ამიტომ მივიჩნევთ, რომ არის არსებითი განსხვავებები. დღეს კიდევ ერთხელ, საბოლოოდ დავაფიქსირებთ ამ პოზიციასაც და ვფიქრობთ, რომ სასამართლომ არ უნდა დააკმაყოფილოს აღნიშნული სარჩელი," - აღნიშნა "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორმა, პაატა სალიამ.