სამეგრელოდან თბილისში დღეს დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად ასობით ადამიანი მოემგზავრება. დედაქალაქში ჩამოსვლას ისინი კერძო მანქანებითა და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული ტრანსპორტით აპირებენ.
ოპოზიციური პარტიის ადგილობრივი ლიდერებისა და მხარდამჭერების თქმით, მათი აქციაზე მისვლის მიზეზი არა მხოლოდ ექსპრეზიდენტის მხარდაჭერა, არამედ ქვეყნის უკეთესი მომავალია.
"ადამიანები მოდიან საკუთარი ხარჯებით, ოჯახებით და რაც მთავარია, თითოეულ მათგანს ესმის ძალიან კარგად, რომ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე გადის დღეს საქართველოს თავისუფლებაც და ევროპული მომავალიც, უკეთესობისკენ ცვლილებებიც და რაც მთავარია, დღეს თავისუფლების მოედანზე ჩვენ კიდევ ერთხელ ვანახებთ მთელს მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ თავმოყვარე, ამაყი ერი, რომელიც არ დაუშვებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი იყოს ოლიგარქის ტყვეობაში," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრი ანა წითლიძე.