20 ნოემბერი 2024,   07:51
ვრცლად
ყოველწლიურად გავითვალისწინებთ ათეულობით მილიონ ლარს, რომ დავიწყოთ ყველაზე ავარიული შენობების ჩანაცვლება ახალი ბინებით - კახა კალაძე

თბილისის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ თბილისში ავარიული შენობების ჩანაცვლებაზე "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, მუშაობა დაიწყება ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი შენობებიდან, რომელთა მობინადრეების თანხმობის შემთხვევაში, მათ გაიყვანენ იჯარით, მუნიციპალიტეტის ხარჯზე, ხოლო 2 წელში ახალი, გარემონტებული ბინები ჩაბარდებათ. 

"მთელი 2 თვე იმაზე ვსაუბრობდი, რომ 10 ათასამდე შენობა-ნაგებობა გვაქვს ქალაქში, რომელსაც სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობა აქვს და ის, რომ მილიონობით ლარს ვხარჯავთ გამაგრებით სამუშაოებში, არის წყალში გადაყრილი ფული, რადგან 5-6 წლის მერე ის ისევ ავარიულია და გამაგრება სჭირდება.

ცხადია, 10 ათასი შენობა-ნაგებობის მთლიანად ჩანაცვლება 4 წლის განმავლობაში შეუძლებელია და ყოველწლიურად გვექნება გათვალისწინებული ათეულობით მილიონი ლარი იმისთვის, რომ დავიწყოთ ყველაზე ავარიული შენობების ჩანაცვლება ახალი, საცხოვრებელი, გარემონტებული ბინებით, რომელიც გადაეცემა ამ ოჯახებს.

თუ არის, მაგალითად, 5 სართულიანი შენობა-ნაგებობა, უნდა იყოს ყველა მოსახლის თანხმობა თავისი ამხანაგობის თავმჯდომარესთან, შემდეგ მოდის მუნიციპალიტეტი, გაგვყავს იჯარით იქ მცხოვრებლები, ის ადამიანები არაფერს იხდიან, ყველაფერს მუნიციპალიტეტი იღებს თავის თავზე და ამ ადამიანებს 2 წელში ჩაბარდებათ ევრომასალებით, ენერგოეფექტური მასალით ნაშენები საცხოვრებელი ბინები, უკვე გარემონტებული, ერთადერთი, უნდა შევიდნენ და იცხოვრონ.

5 სართულიანის მაგივრად, შეიძლება, 8-9 სართულიანი პროექტები განვახორციელოთ და ეს საბჭოთა ძველი არქიტექტურა ჩანაცვლდება ახალი, თანამედროვე არქიტექტურით,"-განაცხადა კახა კალაძემ. 

დღის ამბები