16 ნოემბერი 2024,   15:56
ვრცლად
აშშ-სთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე ვართ, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შეკავებისა და NATO-სთან თავსებადობას უზრუნველყოფს - თავდაცვის მინისტრი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრის შემდეგ მადლობა გადაუხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანს და აღნიშნა, რომ მისი საქართველოში ვიზიტი ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის და მისი შემდგომი გაძლიერების ნათელი და მტკიცე დასტურია.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ შეხვედრისას ისაუბრეს NATO-საქართველოს ურთიერთობის მნიშვნელობაზე და ამ გზაზე მიღწეულ პროგრესზე. 

"საქართველოს თავდაცვისა და შეკავების განხორციელებაში ჩვენ ვართ აშშ-სთან თანამშრომლობის ახალ საფეხურზე, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს როგორც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შეკავების და NATO-სთან თავსებადობის უმაღლეს ხარისხს, ასევე საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას. აღნიშნულ კონტექსტში საფუძვლიანად მიმოვიხილეთ შეიარაღების მოდერნიზაციის საკითხები. მოგეხსენებათ, რომ საბრძოლო მზადყოფნისა და მაღალტექნოლოგიური თავდაცვითი საშუალებების თანმიმდევრულად და ეფექტურად განვითარების მიზნით გადავედით თავდაცვის გრძელვადიან დაგეგმვაზე.

აშშ-ის თავდაცვის მდივანს გავაცანი 10-წლიანი განვითარების ციკლი, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების ტერიტორიული თავდაცვის და მდგრადი საბრძოლო შესაძლებლობების განვითარებაზე არის ორიენტირებული. ეს მიდგომა ხელს შეუწყობს დღეს გაფორმებული მემორანდუმის განხორციელებას.

შეხვედრის ფარგლებში ჩვენ შევეხეთ NATO-საქართველოს ურთიერთობის მნიშვნელობას და ხაზი გავუსვით, რომ ამ გზაზე მიღწეული პროგრესი კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მიზანთან, ხოლო თანამშრომლობის გეგმები სრულიად ემსახურება "მეტი ნატო საქართველოში" და "მეტი საქართველო NATO-ში" პრინციპს,"- განაცხადა ბურჭულაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები