25 წლის ანასტასია შატალოვას მკვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა. უწყება ხმაურიან საქმესა და სამ დაკავებულთან დაკავშირებით ახალ დეტალებს ავრცელებს. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს მოკლულის შვილის მამის, ბათუმის ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის ბინაც. რაც შეეხებათ დაკავებულებს - სასამართლომ დღეს მათ აღკვეთის ღონისძიება უნდა განუსაზღვროს. მათ ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. არც ერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს.
საქმეზე დაკავებული ბექა ლატარიას ადვოკატი აქცენტს საპროცესო კანონმდებლობის დარღვევაზე აკეთებს და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ დაკავებისას განხორციელდა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზემოქმედება
"ბექა ლატარიასთან მიმართებაში უამრავ კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე. უშუალოდ დაკავების პროცესში შეილახა მისი უფლებები. მასზე განხორციელდა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზემოქმედება. მას ადგილზე არ გადასცემია არც დაკავების და არც ჩხრეკის ოქმი. შესაბამისად, ეს არის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევა", - აცხადებს გიორგი ლაღიძე.
ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმის ფარგლებში სამი პირი: ბიძინა ხასია, ბექა ლატარია და ლევან რაჯავია დაკავებული, მათ გამოძიება დანაშაულის დაფარვას და ნარკოტიკული საშუალების შეძენა - შენახვას ედავება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-353 პრიმა, 353-ე, 236-ე, 260-ე და 375-ე მუხლებით მიმდინარეობს.
შსს ინფორმაციით გამოძიებით დადგინდა, რომ ბ.ლ.-მ მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, 1994 წელს დაბადებულ ა.შ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა, მიღებული დაზიანებების შედეგად, ა.შ. ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბ.ლ.-მ შემთხვევის ადგილი ბ.ხ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით დატოვა, რა დროსაც ბ.ხ.-ს მის მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ მოუყვა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბ.ლ. ბინის ჩხრეკის დაწყებამდე, მისსავე საცხოვრებელ ბინაში, ფანჯრიდან გადახტომის მცდელობის დროს დააკავეს.
პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.
სამართალდამცველებმა, განზრახ მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, ბ.ხ.-ის მეგობრის, ლ.რ.-ის ბინის ჩხრეკა განახორციელეს.
აღმოჩნდა, რომ ბინაში იმალებოდა ბ.ხ, რომელმაც საგამოძიებო ღონისძიების ჩატარების დროს ხელყუმბარა საბრძოლო მოქმედებაში მოიყვანა, ხოლო შემდეგ აივნიდან კორპუსის ქვემოთ, პერიმეტრზე მყოფი სამართალდამცველების მიმართულებით ისროლა, თავად კი მიმალვის მიზნით სხვა საცხოვრებელი სახლის აივანზე გადახტა.
პოლიციამ ბ.ხ. მიმალვის მცდელობის დროს, მეზობელი საცხოვრებელი ბინის აივანზე დააკავა და მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, კიდევ ერთი ხელყუმბარა ამოიღო.
ბ.ხ.-ის მიერ სამართალდამცველების მისამართით ნასროლი ხელყუმბარა გამნაღმველებმა გააუვნებელყვეს.
პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და ბ.ხ.-ს დაკავებაში სამართალდამცველებს ხელი შეუშალა ბინის მეპატრონემ - ლ.რ.-მ.
პოლიციელების მიმართ გაწეული წინააღმდეგობისთვის იგი ადგილზე იქნა დაკავებული. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.