20 ნოემბერი 2024,   07:37
ვრცლად
ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ - სასამართლო სხდომა სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

დაცვის მხარე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. ადვოკატების თქმით, საქმეში არ არის საკმარისი მტკიცებულებები. სიტყვით გამოვიდნენ თავად დაკავებულებიც და პოლიციის მხრიდან ძალადობაზე ისაუბრეს.

პატიმრობა მოითხოვა საქმის პროკურორმა. მისი თქმით, მტკიცებულებები საკმარისია და მათ შორის არის ვიდეო მასალებიც. როგორც ირკვევა, სათვალთვალო კამერებმა აღბეჭდა როგორც მკვლელობის ფრაგმენტები, ასევე ის, თუ როგორ გადაადგილდებოდა ერთ-ერთი ბრალდებული ანასტასია შატალოვას სახლთან და ცდილობდა დაეზიანებინა სადენები.

ერთ-ერთი დაკავებულის, ბექა ლატარიას ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალის სამივე ნაწილში არის უდანაშაულო და უკანონო პატიმარია. ადვოკატი გიორგი ლაღიძე ამბობს, რომ არც ერთი მტკიცებულება არ არის საქმეში, რომელიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს დააკმაყოფილებს.

დაკავებულის ლევან რაჯავას ადვოკატმა განმარტა, რომ გამოძიებამ დაკავებული მოცემულ დანაშაულთან ვერ დააკავშირა და პოლიციის თანამშრომლების ცემასა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მუხლები უკანონოდ წარუდგინა.

იგივეს აცხადებს მესამე დაკავებულის ბიძინა ხასიას ადვოკატიც და აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ მიცემული ჩვენება ზეწოლის ქვეშ არის მოპოვებული.

ცნობისთვის, საქმეზე სულ სამი პირია დაკავებული, უშუალოდ მკვლელობას ერთს ედავებიან. ახალგაზრდა ქალი რუსეთის მოქალაქე ანასტასია შატალოვა საბურთალოზე 18 ოქტომბერს მოკლეს.

დღის ამბები